სალამი სტუმარო!
ფორუმი - ერთი გუნდის სამწუხარო ისტორია: კლუბი, რომელმაც მსოფლიო გააერთიანა
Gaucho [OFF]1 დეკემბერი 2016 - 12:54[თემის ავტორი]Més Que Un Club
„შაპეკოენსე“ – გუნდი, რომლის სამწუხარო ისტორიამ მთელი მსოფლიო გააერთიანა. მსოფლიოში თითქმის არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ეს ტრაგედია არ შეეხო. ინგლისის ლიგის თასის გუშინდელი შეხვედრები წუთიერი დუმილით დაიწყო, რომლის დროსაც „ლივერპულის“ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, ლუკას ლეივამ ცრემლი ძლივს შეიკავა. როგორც აღმოჩნდა, ლუკასი „შაპეკოენსეს“ რამდენიმე მოთამაშეს პირადად იცნობდა და ამ ტრაგედიამ მასზე ძალიან იმოქმედა. დღეს, მადრიდის „რეალმა“ „ელ კლასიკოს“ წინ გამართული ვარჯიშის დაწყებამდე, „შაპეკოენსეს“ ავიაკატასტროფაში გარდაცვლილ ადამიანებს პატივი წუთიერი დუმილით მიაგო. ეს კიდევ არასრული ჩამონათვალია იმ გუნდების, რომლებმაც თავიანთი ქმედებებით ბრაზილიური გუნდისადმი პატივისცემა გამოხატა და ავიაკატასტროფაში დაღუპულებს მორალურად თუ ფინანსურად დაეხმარა. ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაციებიც, რომლის მიხედვითაც კრიშტიანუ რონალდუმ გარდაცვლილ ადამიანთა ოჯახებს 3–3 მილიონი ჩაურიცხა.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ცნობილი ადამიანი გაერთიანდა და ბრაზილიური კლუბის მოთამაშეების ოჯახებს ერთიანად გამოუცხადა სოლიდარობა. არგენტინული და ბრაზილიური გუნდები მზად არიან, რომ „შაპეკოენსეს“ თავიანთი მოთამაშეები აბსოლუტურად უფასოდ შესთავაზონ. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ეს გახლდათ ტრაგედია, რომელიც ისტორიას დარჩება და ამ მოთამაშეების შესახებ მომავალი თაობებიც გაიგებენ. ეს იყო გუნდი, რომელმაც თავდაუზოგავი შრომით საფინალო ეტაპამდე მიაღწია და ამ უდიდესი ტრაგედიის გამო ფინალი ვერ ითამაშა.
გადარჩენილი ადაიანები
პირველი გადარჩენილი გუნდის მარცხენა მცველი, ალან რუშენი აღმოჩნდა. მას გონება არცერთი წამით არ დაუკარგავს და თვითმფრინავის კატასტროფიდან საავადმყოფომდე განვლილი გზა გამონაკლისის გარეშე ახსოვს. მას ხელის, ფეხის და თავის მძიმე ტრავმები აღმოუჩინეს. ფეხბურთელს ხერხემლის მოტეხილობა აქვს, რის გამოც ის თავისი ცხოვრების დარჩენილ ნაწილს პარალიზებულ მდგომარეობაში გაატარებს.
„ღმერთის წყალობით ალანი საავადმყოფოშია, მდგომარეობა – სტაბილური. ჩვენ ვლოცულობთ ყველასთვის, ვინც ამ კატასტროფაში მოყვა. უფალი იყოს თქვენი მფარველი“, – დაწერა თავის „ინსტაგრამზე“ ალან რუშენის ცოლმა.
მალევე გაირკვა კიდევ ერთი გადარჩენილი მოთამაშის ვინაობა, რომელიც მეკარე – ჟეკსონ ფოლმანა აღმოჩნდა. სერიოზული ტრავმის გამო გოლკიპერს მარჯვენა ფეხის იმპუტაცია ჩაუტარეს. ახლა ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მეკარეს მარცხენა ფეხი შეუნარჩუნონ.
„როცა ჩვენ თვითმფრინავის ჩამოვარდნის თაობაზე შეგვატყობინეს გულმა გვიგრძნო, რომ ჩვენი ღმერთი ჟეკსონს დაიცავდა“, – განაცხადა საავადმყოფოში მისულმა ჟეკსონის დედამ.
„ასეთი ავიაკატასტროფის შემდეგ გადარჩენის შანსი თითქმის ნულია. ასე რომ, ჩვენ ღმერთის მორიგი სასწაულის მოწმენი ვართ“, – ამბობს მეკარის მამა.
ყველაზე ბოლოს მაშველებმა ელიო ნეტო აღმოაჩინეს. მაშინ, როცა პოლიციას ნეტოს პოვნის თითქმის ყველა იმედი გადაეწურა, ერთ–ერთმა თანამშრომელმა ის თვითმფრინავის ნაწილებში შეამჩნია და სწრაფადვე სცადა შველა. ის კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა: ტვინის ტრავმა, უამრავი მოტეხილობა, მუცლის სერიოზული დაზიანება – ეს კიდევ არასრული ჩამონათვალია იმ პრობლემების, რომლებიც გოლკიპერს ავიაკატასტროფის შემდეგ აწუხებდა.
სიკვდილს ეკიპაჟის ორი წევრიც გადაურჩა ბორტგამცილებელი ხიმენეს სუარესი და ბორტინჟინერი ერვინ ტუმირი. სუარესმა ხელის მრავლობითი მოტეხილობა მიიღო, ფეხი და სხეულის სხვა ნაწილები კი სტაბილურ მდგომარეობაში აქვს.
„მახსოვს, რომ სინათლე ჩაქრა და 40–50 წამის შემდეგ მიწაზე ძალიან ძლიერად დავეცით. რა მოხდა ამის შემდეგ – არაფერი მახსოვს“, – განაცხადა ხიმენეს სუარესმა.
მეექვსე ადამიანი, რომელიც ამ სერიოზულ კატასტროფას გადაურჩ ჟურნალისტი რაფაელ ენზელიაა. მას ხერხემლის მსუბუქი მოტეხილობა აქვს. ის იყო უკანასკნელი გადარჩენილი, რომელიც თვითმფრინავის დაცემის შემდეგ აღმოაჩინეს.
ადამიანები, რომლების თვითმფრინავში ვერ მოხვდნენ
ყველაზე დაუჯერებელი ისტორია მათეუს საროლის აქვს – „შაპეკოენსეს“ მთავარი მწვრთნელის, კაიო ჟუნიორის შვილს. მას ძალიან სურდა ფინალზე დასწრება, თუმცა სახლში პასპორტი დარჩა და ფეხბურთელებთან ერთად ვერ გაემგზავრა.
„ახლა ჩვენი ოჯახი ძალიან დიდ გაურკვევლობაშია. ჩვენ არ გვსურს მათთან განშორება. მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის და თბილი მესიჯებისთვის“, – დაწერა მათეუსმა კატასტროფის შემდეგ.
„საპეკოენსეს“ სათადარიგო მეკარე, მარსელო ბუკი მედელინში დაბადების დღის გამო ვერ გაემგზავრა. მას ზუსტად ამ დღეს 32 წელი შეუსრულდა და ხელმძღვანელობას ბრაზილიაში დარჩენა სთხოვა.
ალექსანდრე მარტინუჩო – ფეხბურთელი, რომელიც ტრავმის გამო ვერ ეხმარებოდა თავის გუნდს. „ეს ყველასთვის უმძიმესი ტრაგედიაა. ეს არის დაუჯერებელი ტკივილი, რომელიც ამ დღემ მოგვაყენა“
P.S მეკარემ – დანილო პადილიამ საავადმყოფოში გარდაცვალებამდე ცოლთან საუბარი მოასწრო. მისი შვილი „შაპეკოენსეს“ ახალგაზრდულ აკადემიაში თამაშობს.
ურთულესი გზა, რომელიც „შაპეკეოენსემ“ განვლო
„შაპეკოენსე“ ბრაზილიის უმაღლეს დივიზიონში 2014 წლიდან თამაშობს. 10 წლის წინ გუნდი ჯერ კიდევ არ იყო სრულად ჩამოყალიბებული. 2009 წელს, კლუბის აქციები ბიზნესმენთა ჯგუფმა შეისყიდა და სერიოზული ინვესტიციებიც გაიღო.
„შაპეკოენსე“ მაშინ სერია D–ში ასპარეზობდა. ახალი ინვესტორების მოსვლის შემდეგ გუნდი სერია C-მდე დაწინაურდა და შემდეგ B-მდეც მიაღწია. კოპა სუდამერიკანას ფინალამდე გუნდმა მხოლოდ 7 წელი განვლო.
ამ გუნდის გასაოცარი პროგრესის მთავარ მიზეზად აბსოლუტურად ახალი გეგმა მიიჩნევა, რომელიც გუნდის ბოსებმა შეიმუშავეს. გასულ წელ „შაპეკოენსემ“ კოპა სუდამერიკანას ¼ ფინალამდე მიაღწია, სადაც „რივერ პლეიტთან“ იწვნია მარცხი (1:3, 2:1). 5 დღის წინ ამ გუნდისთვის ისტოირულ დღეს – „შაპეკოენსემ“ „სან ლორენსო“ თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. ფინალის საპასუხო შეხვედრა 7 დეკემბერს უნდა გამართულიყო. იმის გამო, რომ „შაპეკოენსეს“ საშინაო მოედანი ძალიან პატარაა (მხოლოდ 22 ათასს იტევს), შეხვედრა სხვა შტატში – კურუტიბუში იგეგმებოდა, სადაც 40–ათასიანი არენაა.
გთავაზობთ „შაპეკოენსეს“ მიერ განვლილ ურთულეს გზას, რომელიც ამ გუნდმა ბოლო 7 წლის განმავლობაში განვლო.
2009 წელი – სერია D
2012 წელი – სერია C
2013 წელი – სერია B
2014 წელი – სერია A
2016 წელი – კოპა სუდამერიკანას ფინალი
გუნდი, რომელიც თითქმის ყოველდღიურად პროგრესირებდა, მხოლოდ და მხოლოდ ერთ დღეში გაქრა.
აღნიშნული კატასტროფის შემდეგ, კოლუმბიურმა გუნდმა – „ატლეტიკო ნასიონალმა“ სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართა, რომ კოპა სუდამერიკანას ტიტული პირდაპირ „შაპეკოენსესთვის“ გადაეცათ.
ცნობილი ადამიანები „შაპეკოენსეს“ ავიაკატასტროფაზე:
– პელე, ბრაზილიელი ლეგენდა
• „შაპეკოენსეს“ ტრაგედიით შოკირებული ვარ. სოლიდარობას ვუცხადებ იმ ადამიანების მეგობრებს და ოჯახებს, რომლებიც ამ ტრაგედიის შედეგად გარდაიცვალნენ. ეს ბრაზილიური ფეხბურთისთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა.
– კრიშტიანუ რონალდუ, „რეალის“ ფეხბურთელი
• „ეს დაუჯერებელი ტრაგედიაა. დაუჯერებელია, რომ მოთამაშეებით და პერსონალით სავსე თვითმფრინავი ჩამოვარდა. ძალიან, ძალიან მიჭირს იმის დაჯერება, რომ ამ ადამიანებმა თავიანთი ოჯახები დატოვეს“
– ნეიმარი, „ბარსელონას“ ფეხბურთელი
• „შაპეკოენსეს“ მოთამაშეების ოჯახებს ვუსამძიმრებ ამ დიდ მწუხარებას“
– ლიონელ მესი, „ბარსელონას“ ფეხბურთელი
„ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანები, რომლებიც ფეხბურთის სათამაშოდ მიემგზავრებოდნენ, გარდაიცვალნენ. მათ არასწორი თვითმფრინავი აირჩიეს“
– ჯანი ინფანტინო, FIFA–ს პრეზიდენტი
• „გთხოვთ, ილოცეთ ჩემი თანაგუნდელებისთვის“
– დიეგო მარადონა, არგენტინელი ლეგენდა
• „ეს არის ფეხბურთის ძალიან სამწუხარო დღე. ამ ურთულეს სიტუაციაში მინდა ვუთანაგრძო ყველა დაღუპულის ოჯახებსა და მეგობრებს“
04:53:42
პასუხი |
ციტირება